ქიმერიონი

   1919 წელს ,,არტისტული საზოგადოების”შენობაში (რუსთაველის თეატრი) მწერალთა კავშირმა, ქალაქ თბილისის გამგეობისგან, რესტორანი ,,ანონა” შეიძინა და ხელოვანთა კაფე გამართა, რომელსაც შემდგომ ,.,ქიმერიონი” ეწოდა. სახელის შერჩევას მწერალთა კავშირის საბჭომ ათი სხდომა მოანდომა.საბოლოოდ ,,ქიმერიონზე” შეჩერდნენ. (სახელწოდება აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან)

  ,,ქიმერიონის” მოხატვა რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ კირილე ზდანევიჩი,ზიგმუნდ ვალიშევსკი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, მამა-შვილი მოსე და ირაკლი თოიძეები, ჭერის მოხატვა ალექსქნდრე ზალცმანმა ითავა.

   1919 წლის 27 დეკემბერს ,,ქიმერიონში”, მეგობრულ წრეში, მოეწყო ქართველ მწერალთა პირველი საღამო, 28 დეკემბერს კაფე-რესტორანი საზეიმოდ გაიხსნა.

,,ქიმერიონში” იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები, მწერლები და პოეტები კითხულობდნენ და იხილავდნენ ახალ ნაწარმოებებს, პატარა სცენაზე გამოდიოდნენ იმ დროის გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და მოცეკვავეები. ,,საერთოდ ეს კაფე ძალიან თვალმწარმტაცი სანახაობა იყო, შადრევნების ირგვლივ, მაგიდებს შორის, თავისუფლად დასეირნობდნენ შვლები და ხანდახან სუფრაზე მწვანილსაც წასწიწკნიდნენ ხოლმე”, – იგონებს ლადო გუდიაშვილი.

  1922 წელს, ,,წარმოების ზარალის” გამო, ,,ქიმერიონი” დაიხურა.

 ლადო გუდიაშვილი დიდი გულისტკივილით იხსენებს:  ,, იმ დროს თბილისში იყო სხვა კაფეებიც, სადაც თავს იყრიდნენ მწერლები და ხელოვანნი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც იყო ,,ქიმერიონი”, ეს კაფე მდებარეობდა რუსთაველის თეატრის ახლანდელ ქვემოთა ფოიეში, მისი გახსნის ინიციატივაც ,,ცისფერყანწელთა” ჯგუფს ეკუთვნოდა. ყველა იმ სატკივართა შორის, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ერთ-ერთი ისიცაა, რომ ხელოვნების ეს შესანისნავი ძეგლი (ვგულისხმობ ,,ქიმერიონის’’ მოხატულ კედლებს) ყოვლად უაზროდ გაქრა და დაიკარგა”. ფრესკები XX ს-ის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა.

 საბედნიეროდ, გასული საუკუნის 80-იან წლებში ნაწილობრივ მაინც მოხერხდა ,,ქიმერიონის” ფრესკების აღდგენა. სარესტავრაციო სამუშაოებს მხატვარ-რესტავრატორიYამირან გოგლიძე ხელმძღვანელობდა: ,,მუშაობას 1983 წელს შევუდექით... ჩავატარეთ წინასწარი სამუშაოები, რათა დაგვედგინა სად იყო ფრესკები. ვეძებეთ ფოტოები, თეატრის მუზეუმის არქივში ვნახეთ ცხრა ფოტო... ფრესკები ძალზე დაზიანებული იყო. ნამუშევრები თავის დროზე ტემპერის ძალიან თხელი ფენით შეუსრულებიათ. მოვხსენით საღებავის ცხრა ფენა. ზოგი ნამუშევარი დაღუპული იყო. გამოჩნდა  ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის ნამუშევრები. როგორც ჩანს, ადრე გუდიაშვილის ნამუშევრების შელესვა მოინდომეს და ფრესკა ძალიან დაზიანდა, გადალესილი და შეღებილი იყო დ. კაკაბაძის ფრესკებიც. სვეტებზე გამოჩნდა ს. სუდეიკინის 44 ნამუშევარი.  მუშაობისას მხოლოდ აღდგენა-გამაგრებას ვცდილობდით და არაფერს ვცვლიდით’’.

  ჩვენმა უახლესმა წარსულმა, საბჭოთა ეპოქამ,  ,,ქიმერიონს’’ სავალალო დაღი დაასვა, განადგურდა გუდიაშვილის, სუდეიკინის, თოიძეთა ფრესკები. ის, რაც საბჭოთა რეპრესიებს გადაურჩა, სამომავლოდ შესასწავლი, გამოსაკვლევი და გასაფრთხილებელია. სასურველია, ,,ქიმერიონმა’’ კვლავ დაიბრუნოს ის ბოჰემური სული, რომელიც მას ,,ცისფერყანწელებმა’’ შთაბერეს.

2478CIMG1062.jpg 4124CIMG1060.jpg 3365CIMG1047.jpg 2184CIMG1012.jpg 1577CIMG0987.jpg 6566_MG_5120.jpg 4808_MG_5111.jpg
3933_MG_5084.jpg 4196_MG_5057.jpg 222_MG_5053+.jpg 6749_MG_4963.jpg 3887_MG_4970.jpg 9896_MG_4944.jpg 5802_MG_4891.jpg
   
მთავარი  |  აფიშა  |  სიახლეები  |  რეპერტუარი  |  თეატრი  |  მუზეუმი  |  მომსახურება  |  საკონტაქტო ინფორმაცია
© 2012 - 2014 "რუსთაველის დრამატული თეატრი" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia