ისტორია

ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე.

1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .

1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა ,,არტისტული საზოგადოების სახლს” (შემდგომ რუსთაველის თეატრს). 1901წ 7 თებერვალს გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა : ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ,,საარტისტო საზოგადოებისა.” ამავე წლის 5 მარტს წარმოდგინეს ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმა.”

თუ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მსახიობთა თანავარსკვლავედი იდგა: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე და ეფემია მესხები, მეოცე საუკუნე რეჟისორ-ლიდერთა საუკუნე გახდა:

კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ,,სინთეზურ თეატრს”: სპექტაკლის იდეის გახსნას ემსახურება რეჟისურა, მსახიობთა ანსამბლი, სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია. მარჯანიშვილის სპექტაკლებმა, ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო” (1922წ.), ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში” (1923წ.), შექსპირის ,,ჰამლეტი” (1925წ.) კონსტანტინე მარჯანიშვილის ,,მზეთამზე”(1926წ.), წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის ისტორიაში.

1930 და 1933 წლის მოსკოვის გასტროლებსა და საკავშირო ოლიმპიადებში მონაწილეობამ (,,რღვევა” (1928წ.), ,,ანზორ’’ (1928წ.), ,,ლამარა” (1930წ.), ,,თეთნულდ” (1931წ.), ,,ყაჩაღები” (1933წ.) ალექსანდრე ახმეტელს და თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ,,რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობი,” – კ. ფელდმანი.

XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა ალექსანდრე ახმეტელი თანამოაზრე გუნდთან ერთად, დახვრიტეს: ივანე აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ივანე ლაღიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია. გადაასახლეს: თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინა ღვინიაშვილი.

ქვეყნისა და თეატრისათვის ურთულეს პერიოდში შ. აღსაბაძემ რუსთაველის თეატრში დადგა შექსპირის ,,ოტელო” (1937 წ.). ,,ხორავას ოტელო მხოლოდ კარგად შესრულებული როლი კი არ არის, არამედ თეატრალური მოვლენაა. . .” – ვლ. ნემიროვიჩ- დანჩენკო.

XX საუკუნის 50-იანი წლებში დიმიტრი ალექსიძე რუსთაველის თეატრში ტრადიციად ქცეული გმირულ-რომანტიკული მიმდინარეობის ერთგული დარჩა. ამ სტილის ნამუშევართა შორის გამორჩეული ადგილი სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფემ’’ და დ. გაჩეჩილაძის ,,ბახტრიონმა’’ დაიკავა.

ამავე პერიოდში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა განსხვავებული ხელწერისა და ინდივიდუალობის მქონე რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი, რომელიც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ,,შვიდკაცას” სახელით გაიცნო: მიხეილ თუმანიშვილი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. სწორედ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება მცირე სცენის გახსნა სპექტაკლით ,,ჭინჭრაქა” (1963 წ.). თუმანიშვილის სპექტაკლებმა: ი. ფუჩიკის ,,ადამიანებო, იყავით ფხიზლად” (1951 წ.), ჯ. ფლეტჩერის ,,ესპანელი მღვდელი” (1954 წ.), პ. კოჰოუტის ,,როცა ასეთი სიყვარულია” (1959 წ.),” ჟ. ანუის ,,ანტიგონე” (1968 წ.) ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.

სამოციანელთა თაობამ (რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია . . .) თეატრში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა. რობერტ სტურუას პირველი წარმატებული სპექტაკლი ა. მილერის ,,სეილემის პროცესია” (1965 წ).

70-იან წლებში გაჩნდა ცნება ,,რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი”: ,,ყვარყვარე”, (1974 წ.), ,,კავკასიური ცარცის წრე”Y(1975 წ.), ,,რიჩარდ III” (1979 წ.). რეჟისორმა ასამდე სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე, მათ შორის: ,,ხანუმა”, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, ,მეფე ლირი”, ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, ,,ლამარა”, ,,მაკბეტი”, ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, ,,ქალი-გველი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, ,,ჰამლეტი”, ,,სტიქსი”, ,,ნადირობის სეზონი”.

რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.

რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. გიზო ჟორდანიას სამსახიობო კლასის კურსდამთავრებულებმა ახალი სიცოცხლე შთაბერეს მცირე სცენას სპექტაკლებით: ,,ანა ფრანკის დღიური”(1987 წ.), ,,სამანიშვილის დედინაცვალი”(1987 წ.), ,,ამაღამ მგონი იქნება ქარი”(1987 წ.), ,,ჰამლეტი”(1991 წ.).

80-90-იან წლებში რეჟისორთა ახალმა თაობამ: ავთო ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე, ანდრო ენუქიძე, გოჩა კაპანაძე, დათო საყვარელიძე თავისი წვლილი შეიტანა რუსთაველის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში.

დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.